ჩვენი სერვერი: 93.188.8.55:55
ძებნა
გამოკითხვა
რომელი დავამატოთ ?
შესვლა
მთვლელი
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სერვერი
 
 

საქართველოს სასარგებლო ფაუნის დამახასიათებელი ფრინველია აგრეთვე კაკაბი.ჩვენი ბუნების ეს ლამაზი,მარდი ფრთოსანი სპორტული ნადირობის ობიექტი და გემრიელი ხორცის მქონე ფრინველია.კაკაბი დამახასიათებელია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსთვის.მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები,თუმცა შეხვედრა შესაძლებელია ბარშიც,განსაკუთრებით ზამთარში, როცა მთები თოვლითაა დაფარული.
კაკბის ვერტიკალური გავრცელება ზღვის დონიდან 1200 მეტრს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
გაზაფხულზე კაკბის გუნდები იშლებიან და იწყება მათი დაწყვილება. დედალი 8--14 კვერცხს დებს, კრუხობაში მამალი დედალს ცოტათი ეშველება, ბუდის ახლოს სადარაჯოზე დგას. გამოჩეკას 24--26 დღე სჭირდება. ბარტყების გამოჩეკის შემდეგ ორთავე მშობელი დიდი მზრუნველობით უვლის შვილებს. ზაფხულის დამლევს და შემოდგომის დასაწყისში კაკბების გუნდები ერთდებიან და ასე ატარებენ ზამთარს.
კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული ქალაქ თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც. მასზე ნადირობა შეიძლებოდა ფუნიკულიორის პლატოს გასწვრივ მდებარე გორაკებზე, შავნაბადაზე, ნარიყალას მიდამოებში.
ყველაზე დიდი რაოდენობის კაკაბი აღრიცხული იყო შირაქის ქედზე, ელდარის მეურნეობის გარშემო მდებარე გორაკებზე და ლეკის წყალზე. კახეთს არც ქართლი ჩამორჩება კაკბის გავრცელების მხრივ. მცხეთის, კასპის, გორისა და ქარელის რაიონებში, მესხეთში საკმაოდ იყო კაკაბი; თუმცა გუნდების სიხშირითა და გუნდებში ფრინველთა რაოდენობით დიდი სხვაობა იყო ქართლსა და კახეთს შორის. აფრენილი კაკბის გუნდების რიცხობრივი რაოდენობა კახეთში გვიან შემოდგომასა და ზამთარში ზოგან ასეულ და მეტ ფრინველს აღწევდა. დიდი გუნდები იყო აგრეთვე მესხეთში.
კაკბის ცხოვრების პირობები თითქმის ისეთივეა, როგორიც გნოლისა, ამიტომ აქ ჩვენ ამ პირობებს არ ვეხებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ კაკაბი უფრო მკვირცხლი, მარდი და ხშირი კაკანით ბუნების გამაცოცხლებელი ფრინველია. ფრენით გნოლი და კაკაბი ერთმანეთს ემსგავსებიან: ორივენი თითქმის ერთნაირად ფრენენ და აფრენილი გუნდი შორს არ მიდის.კაკბის ხმა ქათმის კაკანს მიაგავს; დაშლილი გუნდის თითოეული წევრი კაკანით უხმობს დანარჩენებს. მალე გუნდი ერთად იყრის თავს და ხშირად ძველ ადგილს უბრუნდება. დედალი და მამალი კაკბები ძლიერ გვანან ერთმანეთს.

კაკაბი საქართველოს ფრინველთა შორის გამორჩეული ფრინველია. იგი ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის სამხრეთ ნაწილში - პირინეეს ნახევარკუნძულიდა მანჯურიამდე.

ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე კაკბის კაკბის რამდენიმე ძნელად გასარჩევი ქვესახეობა შეიძლება გამოიყოს, რომლებიც თითქმის ერთნაირი ბიოლოგიით ხასიათდებიან. საქართველოში იგი ძირითადა მის აღმოსავლეთ ნაქილში გვხვდება. მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე ყაზბეგიდან თუშეთამდე. დაბლობ რაიონებში იორ-ალაზნის შუამდინარეთში - კახეთის ზეგანზე. უდაბნოს მიდამოებში, შირაქ-ელდარის ბორცვებზე, სამხრეთ საქართველოში აღინიშნება ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის რაიონების ტერიტორიაზე. სულ ახლო წარსულშიც კაკაბი საკმაო რაოდენობით იყო თბილისის მიდამოებში - შავნაბადას მონასტერთან, ოქროყანა-კოჯრის სანახებში, კუსა და ლისის ტბების მიმდებარე გორაკებზე და სხვა. დღეისათვის ამ ადგილებში კაკაბი მეტად იშვიათია, ხოლო ძირითადი გავრცელების ადგილებში ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით გვხვდება. ყველგან მობინადრეა, მაღალმთიან რაიონებში ზამთარში დიდთოვლობისას შედარებით დაბლა ჩამოდის. თოვლის, რომელიც დაბლობ ადგილებში მეტად იშვიათია, მაინც და მაინც არ ეშინია, ვინაიდან მეტად ძლიერი ფეხებით ადვილად ქექავს მას და საკვებს პოულობს. საცხოვრებლად ირჩევს მთების დამრეც ფერდობებს, კლდოვანი წარმონაქმნებით და მწირი მცენარეული საფარით. გვხვდება ძჲრითადად აბზინდით დაფარულ ფართობებში, თუმცა არ ერიდება დაბალ ბუჩქნარსა და მეჩხერი ნათელი ტყის კორომებსაც. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3500 მეტრამდე.

მეტად ლამაზი ფრინველია. ძირითადი შეფერილობა ნაცრისფერია, მოვარდისფრო ელფერით; ყელზე შავი არშიით შემოვლებული მოვარდისფრო ლაქა აქვს, რომელიც თვალებსა და შუბლისაკენ მიემართება; სხეულის გვერდები გარდიგარდმო შავი, ყავისფერი და თეთრი ლაქბით აქვს დაფარული. ნისკარტი, ფეხები და თვალის არშიები წითელია. ახასიათებს ხმამაღალი რაკრაკი, რომელიც შინაური ქათმის რაკრაკს მოგვაგონებს, ოღონდ უფრო მკვეთრი და ხმამღალია. ზდრასრული კაკბის წონა 450-650 გრამია, დედლები შედარებით მცირე წონისანი არიან.

კაკაბი მონოგამია, ე. ი. დედალ-მამალი ბუდობის პერიოდში ერთად არიან და შთამომავლობასაც ერთად უვლიან. თებრვლის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე წყვილდებიან. ცოტა მოგვიანებით მარტივ ბუდეს იკეთებენ, რომელიც ბუჩქის ან კლდის ძირში არსებულ ჯამისგვარ ღრმულშია განლაგებული. ბუდე შიგნიდან ამოფენილია ხმელი ბალახითა და საკუთარი ბუმბულით. დებს 10-16 კვერცხს. კვერცხი რამდენადმე ამობურცული ფორმისაა, კარგად გამოხატული ბლაგვი და წაწვეტებული ბოლოებით. შეფერილობა ღია ჟანგისფერ-თიხისფერია, მოჟღალო-მოყავისფრო წერტილებით დაწინწკლული. კრუხობა 22-25 დღემდე გრძელდება. ბუდეზე ჯდება მხოლოდ დედალი, ხოლო მამალი მის შორიაახლოს იმყოფება და საფრთხის მოახლოება ატყობინებს (ლიტერატურაში არსებობს ცნობები, რომ კაკბის გავრცელების ზოგიერთ ადგილას - ბალკანეთში, შუა აზიაში, დედალი ორ ბუდეს იკეთებს და ორივეში დებს კვერცხს, ბუდეებზე ჯდებიან ორივე მშობელი). თუმცა ეს ფაქტი მეცნიერულ გადამოწმებას მაინც საჭიროებს. ამიერკავკასიაში ეს მოვლენა აღნიშნული არ არის. წიწილებს ორივე მშობელი უვლის. აგვისტოს დასაწყისისათვის ახალგაზრდები, უკვე დედის ნახევარზემეტს იწონიან, ოქტომბერში კი წიწილები მშობლებისგან აღარც განსხვავდებიან.

კაკბები ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებებიან. გაზაფხულზე კვირტებიტა და ბალახეულის ნორჩი ამონაყრებით, ზახფხულსა და შემოდგომაზე მარცვლოვნების თესლებით, მოლუსკებით, მუხლუხოებით და სხვა მცირე ზომის მწერებით. ზამთარში მათი უმთავრესი საკვები კვლავ მცენარეულობაა, ისინი საკვებად დილით გამოდიან, დანაყრების შემდეგ დღის თბილ პერიოდს სადმე ჩრდილშიიმალებიან. ნაშუადღევს, ისევ საკვებად გადიან, ღამეს კი ღრმა ხევების კალთებზე, კლდეებზე ან მცირე ქვაბულებში ატარებენ. არც თუ ისე იშვიათად კაკბებს შეიძლება ხორბლოვან თუ სხვა კულტურების ნათესებში შეხვდეთ, მაგრამ მათი ძირითადი ადგილსამყოფელი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მაინც მთებისა და გორაკების ქვაღორღიანი, კლდოვანი ფერდებია. კაკბის მტრება შეიძლება ჩავთვალოთ მის არელაში გავრცელებული მტაცებლები: მელა, ტურა, მგელი, ქორი, მიმინო, ძელქორები და სხვა. მაგრამ ეს მტაცებლები კაკბის რიცხოვნობაზე დიდ გავლენას ვერ ახდენენ. მისი რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, მხოლოდ რაიმე სახის ჰელმინთური ან ბაქტერიალური დაავადებანი იწვევენ.

კაკაბი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. ბევრი მონადირე მასზე ნადირობას ყველაზე აზარტულად მიიჩნევს და პირველ ადგილზე აქვს დაყენებული. მართლაც, კაკაბზე ნადირობა მეტად სპორტული და მიმზიდველია. მონადირეს მაგარი მუხლი და ჯანმრთელი გული უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს რთული რელიეფის დაძლევა და ჰყავდეს კარგად გაწრთვნილ, გაწაფული, აპორტირების მქონე მეძებარი. ზედმეტად ფიცხი, გაუწონასწორებელი ფსიქიკის ძაღლი ამ დროს მხოლოდ ხელის შემშლელია. უძაღლოდაც შეიძლება კაკაბზე ნადირობა, თუმცა ეს ნაკლებად ემოციურია და შედეგიც არასახრაბიელოა, დიდი დანაკარგის გამო. თავად განსაჯეთ: მართალია კაკაბი ძალზედ ფრთხილია, დიდი გუნდი იშვიათად უშვებს სასროლ მანძილზე მონადირეს, მაგრამ როცა გუნდი დაშლილია, ცალ-ცალკე მჯდომი ფრინველები ისე ქუჩდებიან, რომ მათი წამოფრთხობა ძაღლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. მეძებარიც სწორედ ამ დროს ავლენს სრულყოფილად თავის შესაძლებლობებს. ამასთან, რადგან კაკაბი შესანიშნავი სპრინტერიცაა უძაღლოდ, დაჭრილი ფრინველი, თითქმის ყოველთვის დაკარგულია. არც სუფთად ჩამოგდებულის პოვნაა იოლი. ის ისეა შეხამებული გარემოს, რომ გვერდზე ჩაუვლი და ვერ შეამჩნევ, ბალახში ბალახის ფერია, ქვებში კი ქვის ფერი, აღარაფერს ვამბობ ხევში ჩავარდნილზე, სადაც ხშირად ძაღლსაც კი უჭირს ჩასვლა.

დიდი ხანია ვნადირობ, თავის დროზე კაკაბზეც ბევრი მივლია, მაგრამ ახლაც კი, 60 წლის შემდეგაც, სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს პირველ სერიოზულ ნადირობას მასზე. უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახლდით, როდესაც პირველი კპრპუსს ფოიეში ასეთ განცხადებას წავაწყდი: „ უივერსიტეტის მონადირეთა სექციის წევრთა საყურადღებოდ ! ამ წლის ოქტომბრის პირველ კვირას სექცია აწყობს კაკაბზე ნადირობას, მსურველებს ვთხოვთ ჩაეწერონ სექციის თავმჯდომარესთან". მაშინ მე, არც სექციი არსებობის შესახებ ვიცოდი რამე და არამც თუ სექციის თავმჯდომარეს, არამედ მის არცერთ წევრს არ ვიცნობდი. დიდი ძალისხმევის წყალობით და ნაცნობი ლექტორების დახმარებით მოვხვდი სიაში და დავუწყე ლოდინი დათქმული თარიღიის მოახლოებას. როგორც იქნა ეს დღეც დადგა. დანიშნულ დროზე გაცილებით ადრე მივედი უნივერსიტეტის ეზოში ჩემი სანადირო აღჭურვილობითა და ძაღლით. ნელ-ნელა სხვა მონაწილეებიც შეგროვდნენ, ჩავსხედით საგანგებოდ გამოყოფილ ავტობუსში და გავუდექით გზას. გზაშიღა გავიგე რომ „უდაბნოში" მივდიოდით. გზა ძალიან გაგრძელდა და ადგილზე როცა ჩავედით, უკვე კარგად გათენებული იყო. გავემზადეთ სექციის ხემძღვანელმა მწკრივში დაგვაყენა, მცირე ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა, მიმართულება მიგვანიშნა, მანქანასთან დაბრუნების დრო დაგვითქვა და ბოლოს, ისე სხვათა შორის დასძინა, რომ ამ ადგილებში კაკაბი საკმარისიაო, კურდღელიც ბევრიაო და სიარული რო არ დაგჭირდეთ თავიდან კურდღელს ყურადღება არ მიაქციოთო. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ მალე დამავიწყდა დარიგება და აღმართს შევუდექი. სამასი მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ კურდღელი წამომიხტა... გახარებულმა, სიამაყით სავსემ დავკიდე ჩანთის თასმაკავებზე და კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელე გზა. ხუთიოდე წუთში მეორე კურდღელი მოვკალი, ისიც ჩანთაზე დავკიდე. ტვირთი მემძიმა, მაგრამ რას ვიზამდი, ნირი არ შევცვალე და ფერდობს გავუყევი. საკაკბე ბორცვამდე საკმაო მანძილი მქონდა გასავლელი, ვჩქარობდი, იქმადე კი მალე მივედი, თუმცა ისეთი დაღლილი და გასავათებული ვიყავი აღარაფრის თავი აგარ მქონდა. ძალიან ბევრი კაკაბი შემხვდა, ბევრიც ვისროლე, მაგრამ სამის მეტი ვერ მოვკალი. უკან დაბრუნება კიდევ უფრო გამიჭჲრდა. მანქანასთან რომ მივედი, ყველანი ადგილზე დამხვდნენ. კურდღელი მხოლოდ ერთს მოეკლა, სამაგიეროდ, სუყველა კაკბებით იყვნენ დახუნძლულნი. ეს მწარე გაკვეთილი შემდგომში არაერთხელ გამომადგა, კაკაბზე ნადირობა კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი გახდა.

კაკაბზე ნადირობა ჩვენში 1958 წელს აიკრძალა, მისი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების მიზეზით. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა, თუმცა ამ ხანის მანძილზე არავითარი ცნობა არ გამოქვეყნებულა და ვერავინ იტყვის თუ რა შედეგი გამოღო აღნიშნულმა აკრძალვამ. მხოლოდ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, იმდროინდელი ნადირობის ინსპექცია სამი წლის განმავლობაში შეზღუდული რაოდენობიტ და ვადებით იძლეოდა ერტჯერად ლიცენზიებს, რომლითაც ერთეულები თუ სარგებლობდნენ. შემდეგ ეს ლიცენზიებიც გაუქმდა და დღემდე მდგომარეობა შეუცვლელია.

დღევანდელ პირობებში, როცა ჩვენში ბუნებრივი რესურსები და კერძოდ, სანადირო ფაუნის დაცვა, შედარებით გაუმჯობესდა, და კონტროლის საშუალებაც მეტია, ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ იქნებ მიიღოს ყველა პატიოსანი მონადირისათვის მეტად სასიკეთო გადაწყვეტილება - გადახედოს არსებულ კანონს და მომავალი სანადირო სეზონისათვის გასცეს კაკბის გარკვეული რაოდენობით მოსაპოვებელი ლიცენზიები, რათქმაუნდა დამატებითი ფულადი გადასახადიტ. ჩემი აზრით ამ ფრინველის რაოდენობა და მისი გავრცელების საკმაოდ ფართო არეალი ამის საშუალებას იძლევა.

hk | Viewed: 1965 | Rated: 4